როგორ გავარკვიოთ რომელი საკვებია მართლაც სასარგებლო ჩვენი კატებისთვის?#
პირველ რიგში სწორი შეკითხვების დასმა უნდა ვისწავლოთ:
- რატომ შეადგენს კატის საკვების მნიშვნელოვან ნაწილს მარცვლეული: ბრინჯი, ხორბალი, სიმინდი, სოიოს ზეთი მაშინ, როდესაც კატა ხორცის მჭამელი(ობლიგატური) მტაცებელი ცხოველია?!
- რატომ იყენებენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდები თავის ძვირადღირებულ საკვებში, დღემდე ხორცის ნაცვლად ე.წ. “მცენარეულ და ცხოველურ ცილას”?!
- როგორ შეიძლება, კატისთვის სამკურნალო იყოს ის საკვები, რომელშიც ხორბალი და სიმინდი პირველ ადგილზე დგას?
- რატომ რჩება ცნობილი ბრენდების საკვების რეცეპტურა XX საუკუნის 60-იანი წლების დონეზე? რატომ არ შეცვლილა მათი რეცეპტები?!
- როგორ მოახერხეს უმსხვილესმა ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა დაერწმუნებინათ პლანეტის თითქმის მთელი მოსახლეობა, რომ საკვები, რომელშიც 70-დან 90%-მდე სიმინდი, ბრინჯი ან ხორბალია, საუკეთესო საკვებია ჩვენი კატებისთვის?
ადრე, სანამ ამ საკითხებში გავერკვეოდი, ქუჩის კატების დაპურების დროს ხშირად მინახავს როგორ ესეოდნენ მათ საკვებს მტრედები, თითქოს ეს სუფთა მარცვლეული ყოფილიყო. მსგავსი რამ მხოლოდ მაშინ მინახავს, როცა ბავშვობაში, ბებიასთან ყოფნისას, ჩვენს ქათმებს ვაჭმევდი ხოლმე. გასაკვირი არაფერია – კატის საკვები 70-80%-ით მარცვლეულისგან შედგება.
მწარმოებლებმა ჩვენი კატები ფაქტობრივად ქათმებად აქციეს, რითაც თავისთვის პაციენტების არმია შეიქმნეს.
დღეს ბევრი შინაური კატა ზის გასტრო-საკვებზე, სადაც მთავარი კომპონენტი ბრინჯი ან ხორბალია. უკვე ყველა მივეჩვიეთ, რომ ადამიანები ბუნებას ამახინჯებდნენ, მაგრამ კატის ქათმად გადაქცევა რაღაც განსაკუთრებული სადიზმია.
უბრალოდ საინტერესოა, რატომ არ აჭმევენ ზოოპარკის ლომებსა და ვეფხვებს ხორცის მაგივრად მარცვლეულისგან მიღებულ დაბალანსებულ საკვებს, ისინიც ხომ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან?! არადა რა ძვირი ჯდება მათი კვება.
თუ არ შეიძლება, მაშინ რატომ ითვლება, რომ პატარა კატების შემთხვევაში ეს ნორმალურია?
როგორ დაიწყო ეს: Hills-ის მარკეტინგული რევოლუცია#
მიუხედავად იმისა, რომ კატის საკვების წარმოება XX ს-ის 40-იან წლებში დაიწყო, წარმოების ბუმი მოუწია 70-იან წლებზე, როდესაც კომპანია Hills-მა უნიკალური გზა მოიფიქრა. მათ გადაწყვიტეს საკვების გავრცელება ვეტერინარი ექიმების მეშვეობით და ამ მეთოდს უწოდეს “რეცეპტით გაყიდვა”. ამერიკა არ აღმოუჩენიათ – ეს იყო Colgate-ის გამოცდილება.ამ კომპანიამ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია კბილის პასტის სტომატოლოგების მეშვეობით გაყიდვით. 1976 წელს Hills-ი გახდა სწორედ Colgate-ის შვილობილი კომპანია და ეს წარმატებული გამოცდილება თავის სფეროში გამოიყენა. ეს საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რადგან შინაური ცხოველების პატრონები ვეტერინარებს ადრეც უპირობოდ ენდობოდნენ და დღესაც ენდობიან.
Hills-ის მარკეტინგული კამპანიის მთავარი იდეა იყო ის, რომ საკვების შემადგენლობაში გარკვევა რთულია და კატის კვება პროფესიონალს უნდა მიანდო – ანუ ვეტერინარს. ვეტერინარული კლინიკები შემოსავლის ახალი წყაროს ენთუზიაზმით შეხვდნენ. ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესების შანსზე უარს რატომ იტყოდნენ?
წარმატების ფორმულა საკმაოდ მარტივი იყო – ჯანმრთელობის პრობლემის მქონე კატას ვეტერინარი უნიშნავდა Hills-ის ვეტერინარულ საკვებს, რომელიც მართლაც კარგი ხარისხი იყო და ასეთად რჩება ეხლაც. თუმცა ვეტერინარული საკვები წამალია და მისი ყოველ დღე უსასრულოდ მიცემა არ შეიძლება. პრობლემის მოგვარების შემდეგ, კატა ჩვეულებრივ საკვებს უნდა დაუბრუნდეს. როგორ ფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში რომელი ბრენდის ყოველდღიურ საკვებს ირჩევდა კატების მეპატრონეების 90%, რომელთაც Hills-ის ვეტერინარულმა საკვებმა პრობლემა მოუგვარა? რასაკვირველია, ისინი ირჩევდნენ Hills-ის ყოველდღიურ მშრალ საკვებს, რომელიც კატისთვის აუცილებელ ხორცს ან საერთოდ არა, ან ძალიან მცირე დოზით შეიცავს.
მალევე Hills-ს მიბაძეს Royal Canin-მა და Purina-მ. მთელს მსოფლიოში სწორედ ამ სამმა ძირითადმა ბრენდმა (Hills, Royal Canin, Purina) დანერგა ეს “რეცეპტით გაყიდვის” სისტემა. ამიტომაც დასავლეთშიც და სხვაგანაც უამრავი ვეტერინარი სწორედ ამ სამ ბრენდის ვეტერინარულ საკვებს გირჩევთ. ასე გახდნენ ეს და კიდევ სხვა ბრენდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი კომპანიები. არა იმიტომ, რომ მაღალხარისხიან საკვებს აწარმოებენ.
რთული სათქმელია რამდენად მიმართავენ ისინი იგივე პრაქტიკას ისეთ პატარა ბაზარზე, როგორც ჩვენი ქვეყანაა. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ვეტერინარების დიდ ნაწილში, სწორედ ამ კომპანიების პროდუქციაა პოპულარული. იცოდეთ, რომ ნამდვილი ვეტერინარი-დიეტოლოგი Royal-ს, Purina-ს და Hills-ს ბოლო ადგილზე დააყენებს სამკურნალო საკვების შერჩევისას. თუ ეს ასე არ მოხდა, ამის ახსნა მხოლოდ ორნაირად შეიძლება:
- ექიმის მხრიდან ადგილი აქვს მატერიალურ დაინტერესებას;
- ვეტერინარი და ვეტერინარ-დიეტოლოგი ერთი და იგივე არაა. ვეტერინარების უმეტესობამ უბრალოდ არაფერი იცის საკვების შესახებ და ხშირად ვერც კი კითხულობს საკვების შემადგენლობას.
ნებისმიერ შემთხვევაში დასკვნა ერთია – თქვენ უნდა შეგეძლოთ ამის გაკეთება. თქვენს კატას თქვენს გარდა სხვა პატრონი არ ეყოლება.
საკვების ხარისხი არ კონტროლდება!#
ჩვენს ქვეყანაში წესიერად ადამიანის საკვების ხარისხი არ კონტროლდება და რა გასაკვირია, რომ შინაური ცხოველების საკვების ხარისხს არავინ ამოწმებს. მაგრამ ამ თვალსაზრისით საქმე უკეთ არც ამ საკვების მწარმოებელ ქვეყნებაშია. აშშ-ს მაგალითზე რომ ვთქვათ, იქ მწარმოებლების საქმიანობა რეგულირდება საკვებისა და წამლების კონტროლის სამმართველოს (FDA) მიერ, მაგრამ იქაც ეს კონტროლი რატომღაც მხოლოდ წამლებს და დანამატებს ეხება, და არა თავად საკვების ხარისხს. თანაც, ეს ორგანიზაცია სახელმწიფო კონტროლზე დამოკიდებული არ არის, არ ატარებს ანალიტიკურ ტესტებს და არ გააჩნია იძულებითი აღსრულების ორგანო.
ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენთან რა ბარდაგი იქნება ამ მხრივ. სწორედ ამიტომ, კატის პატრონს თავად უნდა შეეძლოს საკვების შემადგენლობის სწორად წაკითხვა, განსაკუთრებით თუ კატას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს.








