ვეტერინარების გავრცელებული რჩევაა “დახედეთ შეფუთვას, იქ წერია, რამდენი გრამი უნდა მიიღოს კატამ მისი წონის მიხედვით”.
ეს სრული სისულელეა!#
ეს იგივეა, რომ ყველა ადამიანს ერთი და იგივე რაოდენობის ხორცი დაუნიშნო დღეში. ადამიანები განსხვავებულები არიან, მათი მეტაბოლიზმი განსხვავებულია, სიტუაციები განსხვავებულია. ეტიკეტზე რაც წერია, ეს არის ზოგადი დოზა საშუალო-სტატისტიკური კატისთვის, რომელსაც ღმერთმა უწყის რატომ აწერენ.
ამ ზოგადი დოზით ხელმძღვანელობა იგივე იქნებოდა რომ მივსულიყავით ნებისმიერ კლინიკაში, ყველა პაციენტს სათითაოდ გაგვესინჯა სიცხე, შემდეგ დაგვეჯამებინა და მიღებული შედეგი გაგვეყო პაციენტების რაოდენობაზე. ამ აბსურდული ექსპერიმენტით გაირკვეოდა, რომ ამ კონკრეტულ კლინიკაში სიცხის საშუალო მაჩვენებელი ყოფილა 37.8.
როგორ ფიქრობთ, ეს შედეგი რაიმე დასკვნების გასაკეთებლად გამოგვადგებოდა?
ორიენტირდით ბუნებასა და კატაზე და არა შეფუთვაზე მითითებულ ზოგად ციფრებზე.
როგორ იკვებება კატა(ნებისმიერი მტაცებელი) ბუნებრივ პირობებში? მივა, წაციცქნის, იგრძნობს დანაყრებას, მცირე ხნით გაეცლება, ისევ მივა, ისევ წაციცქნის, ისევ იგრძნობს დანაყრებას, ისევ გაეცლება და ასე რამდენჯერმე დღე-ღამის განმავლობაში. კატას მოკლე ნაწლავი აქვს და ამიტომ ხშირად უნდა ჭამოს მცირე ულუფებით. მისთვის მთავარი კვების განრიგი არ არის, მისთვის მთავარი საკვების ხარისხია.
საკვების ხარისხი#
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. რაც უფრო მაღალია საკვების ხარისხი (Super Premium ან Holistic), მით უფრო ნაკლები რაოდენობა ჰყოფნის კატას დასანაყრებლად.
- იაფიანი საკვები შეიცავს ბევრ შემავსებელს (ე.წ. “ფილერებს”), ამიტომ კატას დასანაყრებლად მეტი ასეთი საკვები სჭირდება.
- ხარისხიანი საკვები მდიდარია ცხოველური ცილებით, ამიტომ მცირე პორცია უფრო ნოყიერია.
ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას მივყავართ საინტერესო აღმოჩენამდე – მაღალის ხარისხის, ე.წ. ძვირიანი საკვები, არც ისეთი ძვირია როგორიც ხშირად ჩანს, თუ მხოლოდ ფასით ვიხელმძღვანელებთ. ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია ხარისხიანი საკვების ეკონომიური ეფექტი.
ასაკი და წონა#
- კნუტები საჭიროებენ უფრო კალორიულ და ხშირ კვებას (დღეში 5-6-ჯერ), რადგან იზრდებიან.
- ზრდასრულ კატას(1-7 წელი), რომელიც საშუალოდ 4-5 კგ იწონის, დღეში სჭირდება დაახლოებით 50-70 გრამი მაღალი ხარისხის მშრალი საკვები.
- ხანდაზმული კატების მეტაბოლიზმი ნელდება, ამიტომ ულუფა შესაძლოა ოდნავ შემცირდეს სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად.
აქტივობის დონე#
- აქტიური/გარეთ მავალი კატა ხარჯავს მეტ ენერგიას და სჭირდება მეტი საკვები.
- ზარმაცი/სახლის კატა თუ ძირითადად წევს, მისი დღიური ნორმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ.








